ოფიციალური თბილისი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს ვმო-ში გაწევრიანების საკითხზე მიმდინარე მოლაპარაკებებისთვის საფრთხის ქვეშ დაყენებაში ადანაშაულებს.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ლავროვის მიერ გაკეთებული განცხადება ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების საკითხზე თბილისსა და მოსკოვს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებს ხელს უშლის.
"მოლაპარაკებებს, რომელიც შვეიცარიული მხარის დახმარებით მიმდინარეობს, სერიოზულად ვუდგებით. ისეთი ტიპის განცხადება, როგორიც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა, მოლაპარაკებებს ხელს არ უწყობს და პირიქით, მას საფრთხის ქვეშ აყენებს. მიგვაჩნია, რომ ეს იყო პროვოკაციული ტიპის განცხადება", - განმარტა კაპანაძემ.
შეგახსენებთ, რომ სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთს ვმო-ში გაწევრიანება საქართველოს თანხმობის გარეშეც შეუძლია.