ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის, თინა ქეიდენაუს განცხადებით, საქართველოში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება არჩევნების წინაპერიოდს არ უნდა დაემთხვეს და აღნიშნული საკითხი მანამდე უნდა გადაწყდეს.
"საქართველოში 2012-2013 წლებში არჩევნებია ჩასატარებელი. იმედის მომცემია, რომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მიუსხდნენ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების მაგიდას და საარჩევნო თემებზე მსჯელობენ, მაგრამ საარჩევნო კოდექსის რეფორმირება წელსვე უნდა განხორციელდეს და ეს არ უნდა დაემთხვეს კონკრეტულად საარჩევნო პერიოდს", - განაცხადა თბილისში ვიზიტით მყოფმა ქეიდენაუმ საქართველო-აშშ-ის ქარტიის ფარგლებში შექმნილი დემოკრატიული ჯგუფის სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისი განმარტებით, შეერთებული შტატები არ აპირებს საქართველოში განხორციელებული კონკრეტული რეფორმის დაცვას და მიიჩნევს, რომ პროგრესი არჩევნებამდე საჭირო დროით ადრე უნდა იყოს მიღწეული.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ კმაყოფილება გამოთქვა "მედიაგამჭვირვალეობის" შესახებ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ქვეყანაში დამოუკიდებელი მედიის უზრუნველყოფის თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იყო.