კახეთში მყოფი პრეზიდენტი სააკაშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში გაცდენილი მიწის ნაკვეთი არ უნდა არსებობდეს. პრეზიდენტის უკმაყოფილება ყოფილმა ჩინოვნიკმა დაიმსახურა, რომელმაც თავის დროზე 200 ჰექტარი მიწის ნაკვეთი აიღო, თუმცა იგი დაუმუშავებელი დარჩა, რითაც სხვა ადამიანები დაზარალდნენ.
"ყოფილმა პროკურორმა, ყოფილმა პოლიციის უფროსმა ან მისმა მოადგილემ, ყოფილმა გამგებლის მოადგილემ აიღეს თავის დროზე, 90-იან წლებში, 200 ჰექტარი და მერე ისინი მოხსნეს. ბოლოსდაბოლოს, რევოლუცია მოხდა და გააგდეს. იმ 200 ჰექტარზე თავის ოჯახს არჩენდა, არაფერს აკეთებდა, მთავრობას ალბათ აგინებდა დღედაღამ, გაშვებული ჰყავდა 20 ძროხა და აცდენდა 200 ჰექტარს და დანარჩენი საქართველო თურმე უნდა გადაყვეს ამ ერთი ყოფილი გაქსუებული ჩინოვნიკის ოჯახის გამოკვებას და გაუმაძღარ მუცელს",_აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
მისი თქმით, როცა საუკეთესო მიწის 200 ჰექტარია გაცდენილი, დაახლოებით 500 ან ათასი სხვა ოჯახი საკვებს თავის დროზე ვერ იღებს.
პრეზიდენტმა ვარდების რევოლუციის ერთ-ერთი ლოზუნგიც გაიხსენა_ 5 ჰექტარამდე მიწის გადასახადებისგან გათავისუფლების შესახებ.
"თუ მიწას არ ამუშავებ, მაშინ არ გიღირს მისი შენახვა, რას აზიხარ მიწას, თუ არ დაამუშავებ. რაც არ უნდა გაძვირდეს საწვავი, იმ პირობებში, როცა ტექნიკა შემოვიყვანეთ, ყველა შემთხვევაში, ღირს მიწის დამუშავება. როცა დიდ ჰექტარზეა საუბარი, თუ არ ამუშავებ, ან სურვილი არ გაქვს, ან არ გინდა ხელის განძრევა",_აღნიშნა სააკაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, საქართველოში გასაცდენი მიწა არ უნდა იყოს, რადგან მცირემიწიანობის მიუხედავად, ქართული ნიადაგი უაღრესად ნაყოფიერია.
"მიწების 100% წარმოებაში უნდა იყოს ჩართული და ადგილობრივი მოხმარებისა და ექპორტისთვის შევქმნათ",_აცხადებს პრეზიდენტი.
შეგახსენებთ, დღეს მიხეილ სააკაშვილი კახეთს ეწვია და საგაზაფხულო სამუშაოებით დაინტრესდა. სააკაშვილს სოფლის მეურნეობის მინისტრი ახლდა. პრეზიდენტი მხარის გუბერნატორსა და გამგებლებსაც შეხვდა.