აშშ-ში საქართველოს ელჩის, თემურ იაკობაშვილის შეფასებით, რუსეთთან მარტო ლაპარაკი შეუძლებელია.
"ერთი რამ ცხადია, რუსეთთან არასდროს უნდა ილაპარაკო მარტო. ეს მხოლოდ საერთაშორისო არენაზე, მედიატორების გარანტიითაა შესაძლებელი", - განაცხადა იაკობაშვილმა ამერიკის უნივერსიტეტში რუსეთ-საქართველოს საკითხზე გამართული დისკუსიისას.
ამასთან, დისკუსიის მონაწილეებმა ქართველ დიპლომატს შეკითხვა რუსეთთან დიალოგის შესაძლებლობაზე დაუსვეს, რასთან დაკავშირებითაც იაკობაშვილმა განმარტა, რომ ამ მიზნით პირველი ნაბიჯი ქართულმხა მხარემ უკვე გადადგა.
"რუსეთთან ურთიერთობაში ჩვენ უკვე გადავდგით პირველი ნაბიჯი. ვთქვით, რომ მზად ვართ ყველა საკითხზე სასაუბროდ, მათ შორის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში მის გაწევრიანებასთან დაკავშირებითაც. ეს არ არის მარტივი გადაწყვეტილება, როცა რუსეთს შენი ქვეყნის 20 % ოკუპირებული აქვს და როცა გუშინ, შენი ქვეყნის დედაქალაქს ბომბავდა. ახლა ყველაფერი რუსეთზეა დამოკიდებული", - აღნიშნა აშშ-ში საქართველოს ელჩმა.