რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით ქართული მხარე პირობების შეცვლას არ აპირებს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი მინაშვილმა განუცხადა.
"მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებების დაწყების ინიციატივა რუსეთს ეკუთვნის და ამ დროს წინასწარი განცხადებების გაკეთება არაკორექტულია მათი საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან, რაც ლავროვმა რამდენჯერმე უკვე გააკეთა", - აღნიშნა მინაშვილმა.
მისი თქმით, ლავროვის მიერ მსგავსი განცხადებები კიდევ ერთხელ მიუთითებს რუსეთის არაკონსტრუქციულობაზე.
"მიუხედავად ამისა, ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შესვლის, თუმცა გამჭირვალე ვაჭრობის პრინციპი დაცული უნდა იყოს საზღვრებზე, მით უმეტეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე", - აღნიშნა მინაშვილმა.
შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დღეს კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რუსეთს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შესვლა საქართველოს თანხმობის გარეშეც შეუძლია.