რუსეთს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებაზე უარი უახლოესმა მოკავშირეებმაც უთხრეს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი მინაშვილმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ვიზიტის შეფასებისას განუცხადა.
"ლავროვის ცხინვალში და სოხუმში ჩასვლა საკუთარი თავის მართლების მცდელობა, რადგან მიხვდნენ რუსეთის ხელისუფლებაში, რომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აღიარების მცდელობაში დიდი კრახი განიცადეს", - აღნიშნა მინაშვილმა.
მისი თქმით, რუსეთს იმედი ჰქონდა, რომ 2 წლის განმავლობაში ამ რეგიონების აღიარებას მიაღწევდა, თუმცა ეს საკითხი ჩავარდა, მიუხედავად კრემლის მხრიდან დიდი ფინასური რესურსის მობილიზებისა.
"აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებული რეგიონი არავინ აღიარა, გარდა რამდენიმე ოდიოზური ფიგურისა. მათ აღიარებაზე რუსეთს უახლესმა მოკავშირეებმაც კი უარი უთხრეს, მიუხედავად დიდი ფინასური რესურსის მობილიზებისა", - დასძინა მინაშვილმა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას.
დეპუტატის შეფასებით, ბოლო პერიოდში საერთაშორისო საზოგადოების მიდგომა უფრო კონკრეტული ხდება, რასაც რეზოლუციებში აღნიშნული ტერიტორიების ოკუპირებულად აღიარებაც ადასტურებს.