სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე გამოძიება აღარ განახლდება. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი მინაშვილმა განუცხადა, ევროსასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში წერია, რომ გირგვლიანის მკვლელობა არ მომხდარა სახელმწიფო და მაღალი თანამდებობის პირების დაკვეთით.
"სასამართლომ დაადგინა, რომ ეს არ ყოფილა სახელმწიფო დაკვეთა და იყო კონკრეტული პირების კერძო ინტერესი, ასევე აღნიშნულია, რომ არ დარღვეულა სამართლიანი სასამართლოს უფლება და მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა, მიემართა სასამართლოსთვის. აქედან გამომდინარე, საქმის სასამართლომ არ დაგვაკისრა საქმის განახლება", - განმარტა მინაშვილმა.
მისი თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ გამოძიების გარკვეულ სტადიებზე იყო ხარვეზები, ევროსასამართლომ სახელმწიფოს მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის მხოლოდ 50 ათასი ევროს გადახდა დააკისრა, მაშინ, როცა მოსარჩელე მხარე 300 ათას ევროს ითხოვდა.
"ევროსასამართლოს ამ გადაწყვეტილებასაც ისევე შევასრულებთ, როგორც ყველა სხვა დანარჩენს", - აღნიშნა მინაშვილმა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას.