რუსეთს არა აქვს საკმარისი ეკონომიკური არგუმენტები და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შესვლის საკითხის პოლიტიზებას ცდილობს. ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.
"რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მიმართ ორი სახის გზავნილს შეიცავს. პირველი ის, რომ რუსეთს არა აქვს საკმარისი ეკონომიკური არგუმენტები და ამიტომ ახდენს ვმო-ში რუსეთის შესვლის პოლიტიზებას, ხოლო მეორე იმაში მდგომარეობს, რომ ლავროვი ცდილობს ყურადღება სხვა თემებზე გადაიტანოს", - აღნიშნა მაჭავარიანმა.
დეპუტატმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი რუსეთსა და საქართველოს შორის დიალოგის დაწყების აუცილებლობას და აღნიშნა, რომ დიალოგს ალტერნატივა არა აქვს.
"მაშინ, როცა საქართველომ განაცხადა, რომ არ გამოიყენებს იარაღს აფხაზეთსა და ოსეთში, რუსეთისგან იგივე განცხადება სამწუხაროდ ვერ მოვისმინეთ. ამიტომ ლავროვი ახლა ცდილობს ძველი ფირფიტა დააბრუნოს, იყენებს პოლიტიკურ ეშმაკობას და ცდილობს ყურადღება გადაიტანოს სხვა საკითხებზე", - აცხადებს მაჭავარიანი.
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი მიიჩნევს, რომ თუ რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში, საქართველოს გარეშე, "უკანა კარებიდან შეძვრება", პრობლემები მაინც შეექმნება.
"ყველამ იცის, რომ ხელოვნურადაა დაბლოკილი რუსული ბაზარი ქართული პროდუქციისთვის და საბაჟო გამშვები პუნქტების კონტროლი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამიტომ მხოლოდ ნაურუს, ნიკარაგუის და ვენესუელას მიერ აღიარებულ საზღვრებს ვმო-ში ვერ გაითვალისწინებენ", - აცხადებს მაჭავარიანი.