რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თავისი "სამუშაო ვიზიტი" სეპარატისტულ აფხაზეთში ქართულ აფხაზური-კონფლიქტის დროს, 1992-1993 წწ დაღუპულთა ხსოვნის მემორიალის გვირგვინებით შემკობით დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ამის შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა და აფხაზეთის ე.წ. პრემიერმა სერგეი შამბამ სოხუმის სანაპიროზე ყავა დალიეს, რის შემდეგაც სერგეი ლავროვი აფხაზ სეპარატისტთა ლიდერთან სერგეი ბაღაფშთან შესახვედრად გაემგზავრა. სერგეი ბაღაფშთან პირისპირ გამართული შეხვედრის შემდეგ მოლაპარაკებები უკვე გაფართოებული შემადგენლობით გაიმართება.
"მოსალოდნელია, რომ ხელი მოეწერება შეთანხმებებს საინფორმაციო-კულტურული ცენტრების დაარსებისა და საქმიანობის პირობების შესახებ", _ წერს რუსული მედია.
სერგეი ლავროვი ასევე მონაწილეობას მიიღებს წიგნის პრეზენტაციაში სახელწოდებით "რუსსკიე ვ აბხაზიი".
შეგახსნებთ, რომ 2006 წელს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს, საქართველოში სტუმრობისას, საქართველოს მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა, სწორედ იმის გამო, რომ მან უარი განაცხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათთვის დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნის მემორიალის გვირგვინებით შემკობაზე, ოფიაცილური ვიზიტის ფორმატი, "სამუშაო ვიზიტის" ფორმატით შეუცვალა.
მასალის გამოყენების პირობები