ქსნის დაწესებულებაში გურჯაანის რაიონში მცხოვრები 25 წლის გ. მ . გარდაიცვალა. დაწესებულების თანამშრომლებმა გია მ-შვილის ოჯახის წევრებს პატიმრის გარდაცვალების მიზეზად ტუბერკულოზი დაუსახელეს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" კახეთის საინფორმაციო ცენტრიდან აცნობეს, მძიმე მდგომარეობაში მყოფი პატიმარი სამი დღის განმავლობაში დაწესებულებაში გაშიშვლებული ჰყავდათ, არ აძლევდნენ საკვებს და არ გადაიყვანეს საავადმყოფოში.
კახეთის საინფორმაციო ცენტრი არაერთი მცდელობის მიუხედავად სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს პრესსამსახურს ვერ დაუკავშირდა.
საქართველოს სახალხო დამცველის გიორგი ტუღუშის განცხადებით, ტუბერკულოზის გავრცელებამ საქართველოს პენიტენციურ სისტემაში ბოლო პერიოდში კრიტიკულ ნიშნულს მიაღწია. მისივე თქმით, ტუბერკულოზი 2010 წლის პერიოდშიც წარმოადგენდა პატიმართა სიკვდილობის მთავარ მიზეზს. 2010 წელს ამ მაჩვენებელმა პიკს მიაღწია და 2009 წელთან შედარებით 56%-ით მოიმატა.