ტყით სარგებლობის ხელშეკრულებაში მითითებული პირობების დარღვევა 1000-დან 5000 ლარამდე დაჯარიმებას გამოიწვევს.
აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილება შედის "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში".
კანონპროექტის თანახმად, ტყით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის, ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიისა და ტყითსარგებლობის გრძელვადიანი ხელშეკრულების ან ხე-ტყის დამზადების ბილეთის ან შესაბამისი ხელშეკრულების გარეშე, ან ხე-ტყის დამზადების ბილეთში ან ხელშეკრულებაში მითითებულ პირობათა დარღვევით გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის და იარაღის კონფისკაციით ან მის გარეშე.
ასევე ტყით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის, ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიისა და ტყითსარგებლობის გრძელვადიანი ხელშეკრულების პირობათა დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით.
ამასთან, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე სამონადირეო მეურნეობის მოწყობა სათანადო ლიცენზიის გარეშე ან სამონადირეო მეურნეობის მოწყობის მიზნით გაცემული სათანადო ლიცენზიის პირობების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის და იარაღის კონფისკაციით ან მის გარეშე.
აღნიშნული ცვლილებები ძალაში 2011 წლის 1 ივლისიდან შევა.