ხვალ, 8 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში რუსეთში მოღვაწე ქართული წარმოშობის ბიზნესმენის, ალექსანდრე ებრალიძის მიერ საქართველოს პარლამენტის წევრის, გივი თარგამაძის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელზე მორიგი სხდომა გაიმართება.
ებრალიძე თარგამაძის მიერ რუსთავი 2-ის ეთერში მის კრიმინალურ ქმედებაში დადანაშაულებას ცილისწამებად აფასებს და მორალური ზიანის საკომპენსაციოდ მისგან 10 მილიონი ევროს ითხოვს.
როგორც 25 ნოემბერს გამართულ სხდომაზე აღინიშნა, იმის მუხედავად, რომ თარგამაძის გამონათქვამი პოლიტიკურ ხასიათს ატარებდა, ის არ გამოთქმულა პოლიტიკური დებატების დროს. შესაბამისად, საქმე არ შეწყვეტილა და მისი განხილვა გრძელდება.
მხარეთა შესაძლო მორიგების შესახებ მოსარჩლე მხარის პოზიცია თარგამაძის მიერ საზოგადოებრივი არხის ეთერით ადრე გავრცელებული ინფორმაციის უარყოფას ეფუძნება.
თავად თარგამაძე სასამართლო სხდომებს არ ესწრება და მას ადვოკატი გიორგი ყავლაშვილი წარმოადგენს. ებრალიძის ინტერესებს ადვოკატი გოჩა სვანიძე იცავს.