სამხედრო ექსპერტი თენგიზ ფხალაძე საქართველოს მიერ სამხედრო ტვირთების ტრანზიტის შესახებ რუსეთთან ხელშეკრულების შეწყვეტას "ლოგიკურად" აფასებს და აცხადებს, რომ აღნიშნული შეთანხმება მოსკოვისთვის დიდი კომფორტი იყო.
"აბსოლუტურად ლოგიკურია აღნიშნული ხელშეკრულების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება. ეს შეთანხმება რუსეთისთვის კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ სამხედრო ტვირთები საქართველოს ტერიტორიის გავლით გაიტანოს და მიაწოდოს თუნდაც გიუმრში განლაგებულ საკუთარ სამხედრო ბაზას. ამ შეთანხმებით, მას საკუთარი შეიარაღების გადაადგილების თავისუფლება აქვს და ბუნებრივია, ეს რუსეთისთვის კომფორტს წარმოადგენს. როგორც მინიმუმ ალოგიკურიც კი იყო, ქვეყანასთან საომარ მდგომარეობაში იმყოფებოდე და პარალელურად იმის საშუალებას აძლევდე, რომ სამხედრო ტვირთები და შეიარაღება თავისუფლად გადაადგილოს შენს ტერიტორიაზე", - განუცხადა თენგიზ ფხალაძემ "ჯი-ეიჩ-ენს".
მისივე განმარტებით, სამხედრო ტვირთების ტრანზიტის შესახებ რუსეთთან გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულება ძალიან დიდი რისკის მატარებელია და მისი გაუქმება საქართველოს სამხედრო და სტრატეგიული უსაფრთხოების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია.
"როცა ქვეყანას, რომელიც გეომება, აძლევ საშუალებას შენი ტერიტორია სამხედრო ტვირთების გადასატანად გამოიყენოს, ის რომელ გზაზე, რომელ ბომბს დადებს და რამდენ ტერორისტს დაგიტოვებს შენს ტერიტორიაზე, კაცმა არ იცის. ამიტომაც, ასეთი საშუალება შეიძლება მიეცეს მხოლოდ იმ სახელმწიფოს, რომელიც არ წარმოადგენს საქართველოსთვის საშიშ ქვეყანას, რომლისგანაც არ ველოდებით თუნდაც პროვოკაციებს, მაგრამ იმ სახელმწიფოსთვის, რომელიც ცდილობს ნებისმიერი საშუალება გამოიყენოს პოლიტიკური და არა მხოლოდ პოლიტიკური ტემპერატურის ასაწევად, ცდილობს დაძაბოს სიტუაცია, მოაწყოს ახალი პროვოკაციები, მათ შორის ეთნიკური შეჯახებების პროვოცირება, ამგვარი ფუფუნების მინიჭება და ეს ნამდვილად იყო რუსეთისთვის ფუფუნება, საქართველოსთვის ძალიან დიდი რისკია", - განმარტა ექსპერტმა.
ფხალაძე მიიჩნევს, რომ საქართველომ რუსეთზე ზეწოლის ყველა ტექნოლოგიური საშუალება უნდა გამოიყენოს, თუმცა ამის პარალელურად, სხვა მიმართულებებით გაუაზრებელი ნაბიჯები არ უნდა გადადგას.
"მომხრე ვარ, რომ საქართველომ გამოიყენოს ზეწოლის ყველა ტექნოლოგიური საშუალება, რომელიც მას აქვს რუსეთზე, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ხანდახან სპონტანურ ნაბიჯებს ვდგამთ ხოლმე. ჯობია, ნებისმიერი ჩვენი ნაბიჯი, რომელიც ამ ქვეყანასთან მიმართებაში გადაიდგმება, გადაიდგას ერთიანი სახელმწიფო სტრატეგიის ფარგლებში და არა სპონტანურად, როცა ერთის მხრივ, ვცდილობთ რუსეთის ფედერაციაზე ზეწოლა მოვახდინოთ, მეორეს მხრივ კი, გაურკვეველი ლოგიკიდან გამომდინარე, ჩვენი რომელიმე ობიექტი რუსეთის ბიზნესმენების თუ საეჭვო ჯგუფების მფლობელობაში აღმოჩნდება", - აღნიშნა ფხალაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველო სამხედრო ტვირთის ტრანზიტის შესახებ რუსეთთან ხელშეკრულებას აუქმებს. პრეზიდენტის პრესსპიკერ მანანა მანჯგალაძის განცხადებით, ვინაიდან დოკუმენტის შეჩერება საკანონმდებლო დადგენილებას საჭიროებს, პრეზიდენტმა ხელშეკრულების შეჩერების თაობაზე პარლამენტს უკვე მიმართა.
საქართველოსა და რუსეთს შორის სამხედრო ტვირთების ტრანზიტის შესახებ ხელშეკრულება 2006 წელს დაიდო.