დღევანდელი ოპოზიცია საკუთარი აზრის გამტარებელი არ არის, ისინი გარედან ბრძანებებს ელოდებიან, რომელსაც ასრულებენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
„გახარიას პარტიას პარლამენტში შემოსვლა უბრძანეს და ამას აკეთებენ. მათი ნარატივები არაგონივრულია. ამბობენ, რომ პოლიტიკური შეცდომა დაუშვეს, როცა პარლამენტში არ შემოვიდნენ, მაგრამ თან აცხადებენ, პარლამენტი არალეგიტიმურიაო. პირველმა 12-ეულმა პარლამენტში შემოსვლაზე უარი განაცხადა, შემდეგ შედარებით უფრო ნაკლები პოლიტიკური წონის ადამიანები შემოიყვანეს. არასწორი ნაბიჯების გადადგმა გააგრძელეს და ახლა უაზრო ნარატივებს იგონებენ – არალეგიტიმურ პარლამენტში მივდივარ და მხოლოდ მე ვარ ლეგიტიმურიო. ეს ყველაფერი ღიმილის მეტს არაფერს იწვევს. უთხრეს და მოდიან. როცა ვამბობთ, რომ საკუთარ ნებას არ გამოხატავენ, პოლიტიკური აკვიატება კი არ არის, მართლა ასეა, მათ ნაბიჯებს დაუკვირდით. ეტყვიან, შემოვლენ, არა – არა. ყველაზე ცუდია, რომ დღევანდელი ოპოზიცია საკუთარი აზრის გამტარებელი არ არის, ისინი გარედან ბრძანებებს ელოდებიან, რომელსაც ასრულებენ“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.