პარლამენტის წევრი ჯონდი ბაღათურია საქართველოს ხელისუფლებას საზღვრისპირა სოფლების მიტოვებაში ადანაშაულებს.
ბაღათურიამ პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე კონფლიქტის ზონის ახლომდებარე სოფლებში არსებულ ორ პრობლემაზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც წყლისა და საძოვარი მიწების გასხვისებას შეეხებოდა.
"ისეთი მძიმე მდგომარეობა, როგორიც საზღვრისპირა სოფლებშია, საქართველოს არც ერთ რეგიონში არასდროს მინახავს. ბავშვები შიმშილის ზღვარზე არიან, მოხუცები ვერ გადაადგილდებიან საკუთარ ყანებშიც კი. არაერთხელ გაცხადდა, რომ ამ სოფლებს წყლის პრობლემა მოეხსნებოდა, ვინ არ ჩავრიე ამ საქმეში, მაგრამ როგორც ჩანს, ისინი ისევ უწყლოდ დარჩებიან და შესაბამისად, ისევ ემუქრებად მოსავლის გარეშე ყოფნა და შიმშილობა",- განაცხადა ბაღათურიამ.
აღნიშნულ კონტექსტში, ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხელისუფლება საზღვრისპირა სოფლების მაცხოვრებლების ბედის ანაბარა მიტოვებაში დაადანაშაულა და განმარტა, რომ მთავრობამ მათზე პასუხისმგებლობა "თითო ტომარა ფქვილისა და შეშის დარიგებით მოიხსნა".
რაც შეეხება საძოვრების თემას, ბაღათურიას მტკიცებით, სახნავ-სათესი მიწების გარეშე დარჩენილ გლეხებს საძოვრებსაც ართმევენ და მათი გასხვისება ხდება.
"სანამ შეგვიძლია ვუყუროთ მთავრობის კორუმპირებულ მოქმედებას, რომელიც არა მხოლოდ კორუფცია და უსინდისობა, არამედ სამშობლოს ღალატის ტოლფასია. შეიძლება გლეხებს მიწა გავუყიდოთ და საქონლის გარეშე დავტოვოთ, როცა სახნავ-სათესი მიწები ისედაც არ გააჩნიათ? ამას ყოველთვის მონღოლებიც კი არ აკეთებდნენ. ეს არ არის საბოტაჟი? პრინციპულად მოვითხოვ, კანონდარღვებითა და საბოტაჟის ტოლფასი საქციელით გაყიდული საძოვარი ჩამოერთვას იმ ადამიანს, ვისაც ის ახლა უკანონო საკუთრებაში აქვს. ასევე პრინციპულად მოვითხოვ, აღიძრას სისხლის სამართლის საქმე იმ ადამიანის წინააღმდეგ ვინც ეს გააკეთა", - განმარტა დეპუტატმა.
მისივე თქმით, სამშობლოს პოლიტიკური ძალაუფლებისთვის გაყიდი, თუ ფულის გულისთვის, ამაში დიდი განსხვავება არაა.
"გლეხების მიტოვება და მათი საშიმშილოდ გაწირვა სწორედ სამშბოლოს გაყიდვაა", - დასძინა ბაღათურიამ.
მასალის გამოყენების პირობები