"ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს პარტნიორ ქვეყანად მიიჩნევს, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით. მომავალში კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა გვექნება, საქართველოსთან პარნიორობა გავაღრმაოთ", - ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა ამერიკის შეერთებული შტატების რესპუბლიკელმა სენატორმა ჯონ კაილმა კანცელარიაში უშიშროების საბჭოს მდივან გიგა ბოკერიასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.
მისი თქმით, საქართველო არის მაგალითი მთელი მსოფლიოსთვის, რადგან საქართველომ მოახერხა საბჭოთა კავშირის ჩრდილიდან გამოსვლა და დემოკრატიისა და საბაზრო ეკონომიკის გზას დაადგა.
"ვიზიტის დროს ვსტუმრობთ 5 ქვეყანას. საქართველოში ჩამოვედით უკრაინიდან და აქედან ბალტიისპირეთის ქვეყნებს ვესტუმრებით. ჩვენს ვიზიტს ორი მიზეზი აქვს. პირველი ეს არის მხარდაჭერის გამოხატვა საქართველოსა და საქართველოს მოქალაქეების მიმართ. საქართველო არის მნიშვნელოვანი ქვეყანა, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს. საქართველო გახლავთ მაგალითი მსოფლიოსთვის, რადგან საქართველომ მოახერხა საბჭოთა კავშირის ჩრდილიდან გამოსვლა, დაადგა დემოკრატიისა და საბაზრო ეკონომიკის გზას. ამას ნამდვილად მხარს ვუჭერთ. მეორე მიზეზი ეს არის, მოძიება იმ გზებისა, რომელი გზითაც შეგვეძლება საქართველოს აღმოვუჩინოთ მხარდაჭერა. საქართველოს მაგალითი ცხადყოფს, რომ თუ ქვეყანას აქვს სურვილი, განავითაროს დემოკრატია და ეკონომიკა, ეს მოხერხებადია. საქართველო ასევე მაგალითია იმისა, რომ თუ ქვეყანას აქვს სურვილი, შეინარჩუნოს თავისუფლება, ის მოახერხებს ამას", - განაცხადა კაილმა.
კაილთან ერთად საქართველოში კიდევ სამი სენატორია ჩამოსული: ჯეფ სეშონი (ალაბამა), მაიკლ კრაპო (აიდაჰო) და რონ ჯონსონი (ვისკონსინი).