"ვერავინ და ვერავითარი ძალა ვერ შეუშლის ხელს საქართველოსა და სომხეთის თანამშრომლობას", _ განცხადა ერევანში მყოფმა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ სომეხ კოლეგასთან გამართული პრესკონფერენციის დროს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
სომხეთის თავდაცვის მინისტრ სეირან ოგანიანის განცხადებით, "ახლანდელი გამოცდილება ცხადყოფს, რომ სომხეთისა და საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობა სამხედრო სფეროში და ასევე თანამშრომლობა სხვადასხვა საერთაშორისო სამხედრო-პოლიტიკური სისტემების ფარგლებში ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება".
მისი თქმით, სხვა ქვეყნებთან ურთიერთობა როგორც ორმხრივ ფორმატში ისე სხვადასხვა საერთაშორისო სისტემის უსაფრთხოების ფარგლებში სომხეთის საინიციატივო საგარეო პოლიტიკის ერთ ერთი ძირითადი მიმართულებაა.
ოგანიანი მიიჩნევს, რომ ყველა საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემა არსებული კონფლიქტების მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით დარეგულირებას ემხრობა.
"ასე რომ, ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაფართოება საბოლოო ჯამში მიდის იქამდე, რომ შეხების წერტილები, რომლებიც უსაფრთხოების გამყარებისკენაა მიმართული, მეტი და მეტი ხდება", _ განაცხადა სომხეთის თავდაცვის მინისტრმა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი სომეხი კოლეგის პოზიციას დაეთანხმა და საქართველოსა და სომხეთის ურთიერთობებს თავისებური უწოდა, რომლებიც მომავალში უნდა გაძლიერდეს და განვითარდეს.
"ვერავინ და ვერავითარი ძალა ვერ შეძლებს, ჩვენს თანამშრომლობას ხელი შეუშალოს", _ განაცხადა ახალაიამ.