შინაგან საქმეთა სამნისტროს აჭარისა და იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ ერთობლივად გატარებული ოპერატიული სამძებრო ღონისძიების შედეგად დაკავებულია 1981 წელს დაბადებული გოგა ჯღარკავა, რომელიც ბრალდებულია სტამბულში, სასტუმრო ,,ბაჰარში" სასტუმროს მეპატრონის, ნუსრით შაქარის და როზა ისმაილოვას მკვლელობაში.
აღნიშნულ საქმეზე არსებობს სამი მოწმის ჩვენება, რომლებიც ადასტურებენ აღნიშნულ მკვლელობაში გოგა ჯღარკავას მონაწილეობას.
გამოძიების შედეგად დადგენილია, რომ გოგა ჯღარკავა მკვლელობის პერიოდში ნამდვილად იმყოფებოდა თურქეთის ტერიტორიაზე და მკვლელობიდან მეორე დღეს გადმოკვეთა თურქეთ-საქართველოს საზღვარი.
ასევე გამოძიებისთვის ცნობილია, რომ ბრალდებული 2007 წელს გასამართლებულია აზერბაიჯანის რესპუბლიკის სსკ-ის 126 მუხლით (სხეულის განზრახ დაზიანება) და სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2010 წელს.
შსს-ის თანამშრომლები მკვლელობაში სხვა პირთა მონაწილეობასაც არ გამორიცხავენ. მომხდარის გამო ამ წუთებში კიდევ ორი მოწმის დაკითხვა მიმდინარეობს.