უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი ეჭვობს, რომ საქართველო სომხეთთან სამხედრო სფეროში თანამშრომლობას აპირებს.
სესიაშვილს აღნიშნულის ვარაუდის საფუძველს საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ბაჩო ახალაიას სომხეთში ვიზიტი აძლევს, რომელიც საჯაროდ გაცხადებული არ ყოფილა და ის გარემოება აფიქრებინებს, რომ თბილისთან თანამშრომლობის სურვილი ერევანს უკვე ღიად აქვს გაცხადებული.
"ბოლო დროს სომხურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სომხეთში საქართველოს ელჩი ქვეყნის თავდაცვის მინისტრთან ბრძანდებოდა და ამ საუბრის დროს გაცხადდა, რომ სომხეთს საქართველოსთან სამხედრო სფეროში თანამშრომლობა სურს. ერევანს აქვს შიშები, რომ შესაძლოა აზერბაიჯანთან კონფლიქტი განახლდეს და ცხადია, ის ცდილობს როგორც იარაღის მიწოდების, ისე სხვა სახის რესურსების მობილიზების კუთხით ალტერნატიული გზები მოძებნოს. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი გზა არის საქართველოს, როგორც ტრანზიტული ქვეყნის ტერიტორია. არსებობს ამის საჰაერო გზით უზრუნველყოფის გზაც, მაგრამ საჰაერო გზა ძალიან ძვირი ჯდება, ამიტომაც, სომხეთი საქართველოსთან თანამშრომლობას ანიჭებს უპირატესობას", - განუცხადა სესიაშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს".
მისივე ვარაუდით, ბაჩო ახალაიას ერევანში ვიზიტის ფარგლებში განხილვის ერთ-ერთი თემა სწორედ სამხედრო სფეროში თანამშრომლობა იქნება, თუმცა უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტის აზრით, აღნიშნულს ქართული მხარე არ უნდა დათანხმდეს.
"ჩვენ უნდა გავაანალიზოთ ის რისკები, რაც ასეთ პარტნიორობას შეიძლება ახლდეს. კერძოდ, საქართველოსა და აზერბაიჯანს სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ და ჩვენ ბევრი მიმართულებით ვთანამშრომლობთ. საქართველოს მიერ სომხეთთან სამხედრო სფეროში თანამშრომლობა ბაქოს უკმაყოფილებას გამოიწვევს, რაც, ალბათ, მხოლოდ სიტყვიერი პროტესტის სახით არ იქნება გამოხატული. სომხეთთან ასეთი ტიპის თანამშრომლობა საქართველოსთვის შესაძლოა კატასტროფული შედეგების მომტანი აღმოჩნდეს. ეს არასასურველ ვითარებას ქმნის რეგიონში ჩვენი გამოკვეთილი კეთილმეზობლური ურთიერთობების თვალსაზრსით. არ შეიძლება სომხეთისა და აზერბაიჯანის დაპირისპირებაში რომელიმე ქვეყნის მიმართ გამოკვეთილი პოზიცია დავიჭიროთ, რადგან ეს გამოიწვევს მეორე მხარის გაღიზიანებას", - აღნიშნა უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტმა.
გარდა ამისა, ირაკლი სესიაშვილის აზრით, გასათვალისწინებელია ისიც, რომ სომხეთის უსაფრთხოებას რუსეთი უზრუნველყოფს და ქვეყანაში განთავსებული რუსული სამხედრო ბაზები საქართველოსთვის პირდაპირი საფრთხის შემცველია.
"არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სომხეთის სტრატეგიული პარტნიორი რუსეთია, ჩვენს მიერ მტრად გამოცხადებული სახელმწიფო და სწორედ ის ურზუნველყოფს სომხეთის უსაფრთხოებას. გარდა ამისა, სომხეთში არსებული რუსული სამხედრო ბაზები ჩვენთვის პირდაპირი საფრთხის მატარებელია. ამიტომ, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ასეთი ვოიაჟი სომხეთში უნდა იყოს გააზრებული, წინასწარ გაცხადებული და დეკლარირება უნდა მოხდეს იმისა, რომ საქართველო სომხეთთან სამხედრო სფეროში თანამშრომლობას არ აპირებს", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" სესიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია ოფიციალური ვიზიტით სომხეთში იმყოფება. ამის თაობაზე ქართული საზოგადოებისთვის სომხური მედიით გახდა ცნობილი, რადგან საქართველოს თავდაცვის უწყებას ვიზიტი არ დაუანონსებია.