თბილისსა და მოსკოვს შორის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდი 28-29 აპრილს გაიმართება.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მხარეები შეხვედრას ამჯერადაც შვეიცარიის დედაქალაქ ბერნში გამართავენ.
"ჩვენი სურვილიცაა, რომ რუსეთმა ვმო-ში გაწევრიანება შესძლოს, მაგრამ არსებობს რამდენიმე საკითხი, რომელიც მოსკოვმა უნდა გაითვალისწინოს და ეს პოლიტიკური საკითხები არაა", - აღნიშნა კალანდაძემ.
ამასთან, მინისტრის მოადგილე ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩევლის, მაიკლ მაკფოლის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აშშ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების პროცესის დასაჩქარებლად საქართველოზე ზეწოლას არ აპირებს.
"შეერთებული შტატების პოზიცია კარგადაა ცნობილი და ის იმაში მდგომარეობს, რომ ვაშინგტონი არ მოახდენს საქართველოზე არანაირ ზეწოლას და ამით რუსეთის ვმო-ში გაწევრიანების პროცესს არ დააჩქარებს. სწორედ ამიტომაა, რომ აშშ უარს აცხადებს ამ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებებში ჩარევაზე. მთელს დასავლეთს სურს რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანება, მაგრამ ყველა აღიარებს ჩვენს სუვერენულ უფლებას - გამოვთქვათ პრეტენზია", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
შეგახსენებთ, რომ მაიკლ მაკფოლის განცხადებით, აშშ რუსეთის ვმო-ში გაწევრიანების საკითხზე თბილისსა და მოსკოვს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში ჩარევას და შუამავლის ფუნქციის შესრულებას არ აპირებს, რადგან არ სურს საკითხის პოლიტიზირება მოახდინოს.