ქაბულის პოლიციამ ავღანეთის დედაქალაქის მერი მოჰამედ სახები დააკავა. "სახების დაკავება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მოხდა", _ განაცხადა დედაქალაქის პოლიციის შეფმა აბდულ რაჰმან რაჰმანმა.
პროკურატურა და სასამართლო ორი თვის განმავლობაში აწარმოებდა საიდუმლო გამოიებას სახების წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის ერთი ეპიზოდის გარშემო.
სახებს ინკრიმინირებული აქვს ქრთამის აღება 10 600 დოლარის ოდენობით, რის სანაცვლოდაც, მან ერთ-ერთ კომპანიასთან დედაქალაქში ასფალტის დაგების სამუშაოს კონტრაქტი გააფორმა.
დედაქალაქის მერი სასამართლო სხდომას არ დასწრებია და მას დაუსწრებლად 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რამდენიმე თვის წინ ქაბულში დედაქალაქის მერის მოადგილე დააკავეს, რომელსაც ბრალი დაედო ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაში მიწასთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტისას.
დედაქალაქის მერის დაკავება ავღანეთის ადმინისტრაციის მიერ კორუფციასთან ბრძოლის კამპანიის ფარგლებში განხორციელდა.