ფეხბურთში 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად რუსეთი 140 მილიარდი რუბლის დახარჯვას აპირებს.
ამის შესახებ "ინტერფაქსი" რუსეთის ფედერაციის სპორტისა და ახალგაზრდული პოლიტიკის მინისტრზე ვიტალი მუტკოზე დაყრდნობით იუწყება.
მისი თქმით, მსოფლიო ჩემპიონატისთვის ქვეყნის 13 ქალაქში 16 ახალი სტადიონი უნდა აშენდეს, რომელისთვისაც 116 მილიარდი რუბლის დახარჯვა იგეგმება.
ასევე თანხები საჭიროა სავარჯიშო ბაზებისა და სპორტსმენების მოსათავსებელი ადგილების მოსაწყობად.
სავარჯიშო ბაზების მშენებლობისთვის 10 მილიარდი რუბლია საჭირო, ასევე აუცილებელია ყველა გუნდის საცხოვრებელი ადგილით უზრუნველყოფა, რომლის მოწყობისთვისაც 12 მილიარდი რუბლი გამოიყოფა.
შეგახსენებთ, რომ 2018 წელს ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატს რუსეთი უმასპინძლებს.