ხე-ტყით უკანონო სარგებლობა ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.
აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილება შედის "ტყის კოდექსში".
როგორც მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გია ხუროშვილმა განმარტა, ცვლილებების საქართველოს ტყეების რეგულაციას შეეხება, კერძოდ კი განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ტყიდან გამოსული სამასალე მორების კანონიერ, სამოქალაქო ბრუნვაში მოქცევის საკითხს.
"ბუნებრივი რესურსების სააგენტო დაამზადებს სპეციალურ ფირნიშებს, რომელსაც კონკრეტული ნომერი ექნება და აისახება ელექტრონულ ბაზაში. ფირნიშები გაიცემა ლიცენზიის მფლობელს პირებზე და იქნება მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი", - აღნიშნა ხუროშვილმა.
მისივე თქმით, კანონპროექტის ასევე ითვალისწინებს სახერხ საამქროებზე კონტროლის გამკაცრებას და მათ უფლება არ ექნებათ, რომ გადასამუშავებლად ისეთი მორი მიიღონ, რომელსაც არ ექნება შესაბამის ფირნიში.
"ფირნიში იქნება ორი ზომის, ერთი სახერხ საამქროში დარჩება, ხოლო მეორე ბუნებრივი რესურსების სააგენტოში დაბრუნდება. ფირნიშის ღირებულება კი ლიცენზიის ფასში შევა", - განმარტა მთავრობის საპარლამენტო მდივანმა.
ამასთან, ხუროშვილის თქმით, მკაცრდება პასუხისმგებლობა ტყის ფონდის ტერიტორიაზე მოპოვებული ხე-ტყის მორების უკანონო ბრუნვაზე.
"ტყით უკანონო სარგებლობისთვის პირი პირველ შემთხვევის დროს 1000 ლარის ოდენობით დაჯარიმდება, ხოლო განმეორების შემთხვევაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა - ერთი წლამდე თავისუფლების აღკვეთა", - აღნიშნა ხუროშვილმა და აქვე დასძინა, რომ კანონპროექტის თანახმად მოსახლეობისთვის საშეშე მასალის მოპოვების რეგისტრაცია კიდევ უფრო გაადვილდება.
კანონპროექტის ინიცირებას მთავრობა 18 აპრილის ბიუროს სხდომაზე მოახდენს.