სასამართლომ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს, დავით ტაბიძეს აღკვეთს ღონისძიების სახით 300 000 ლარის ოდენობით საპატიმრო გირაო შეუფარდა. შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ მიიღო.
ტაბიძეს აეკრძალა საზღვრის კვეთა, შესაბამისად, ჩამოერთმევა პასპორტი და პირადობის დამადასტურებელიც მოწმობა.
გადაწყვეტილებით სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი დავით ტაბიძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ დავით ტაბიძე და მასთან ერთად დაკავებული პირები ფლობდნენ ინფორმაციას, რომ შპს „ლაგი კაპიტალის“ მიერ 2023 წლის ივლისიდან 2024 წლის მაისამდე პერიოდში წარდგენილი ავანსის მოთხოვნები იყო დაუსაბუთებელი და მხოლოდ ნაწილობრივ უზრუნველყოფილი. დასახელებულმა პირებმა, სამსახურებრივი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენეს და უპირატესობის მინიჭების მიზნით, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის მიერ 2023 წლის ივლისის თვეში მიღებული ავანსი არ იყო დახარჯული მიზნობრივად, 2023-2024 წლებში შპს „ლაგი კაპიტალზე“ საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისთვის მაინც გასცეს 11 218 380 ლარის დაუსაბუთებელი ავანსი, საიდანაც შპს „ლაგი კაპიტალის“ ხელმძღვანელი პირები თაღლითურად დაეუფლნენ 9 365 801 ლარს.