თბილისის მერია ეხმაურება "თავისუფალი საქართველოს" განცხადებას, რომლის თანახმადაც, აბაშიძის ქუჩა №63-ში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დაუშვებელია.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" თბილისის მერიიდან აცნობეს, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად მშენებლობის ნებართვა არქიტექტურის სამსახურმა 2008 წელს გასცა.
"პროექტი კანონის სრული დაცვით არის გაცემული და მენაშენემ ვალდებულება აიღო, თუ მშენებლობის დროს არსებულ ტერიტორიაზე რაიმე დაზიანება მოხდებოდა, ხარჯებს თავად სამშენებლო კომპანია აანაზღაურებდა. თუ მშენებლობა პროექტის დარღვევით მიმდინარეობს, მენაშენე ვალდებულია ის პროექტთან შესაბამისობაში მოიყვანოს",_აცხადებენ დედაქალაქის მერიაში.
მათი განმარტებით, თუ მენაშენე მშენებლობას პროექტთან შესაბამისობაში არ მიიყვანს, თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახური ობიექტს ექსპლუატაციაში არ მიიღებს.
ცნობისთვის, "თავისუფალი საქართველოს" ინფორმაციით, იმის გამო, რომ დედაქალაქის მერიამ და არქიტექტურის სამსახურმა სამშენებლო კომპანია "ახალ სტილს" მშენებლობის ნებართვა მისცეს, აბაშიძის ქუჩის #63-ში არსებული საცხოვრებელი სახლის ბინადართ საფრთხე ექმნება.
პარტიაში აცხადებენ, რომ სახლი ავარიულ მდგომარეობაშია. სამშენებლო კომპანიაზე ნებართვის გაცემა კი იქ მცხოვრები მოსახლეობის ინტერესების უხეში დარღვევით და მათთან შეუთანხმებლად მოხდა. აღნიშნული კომპანიისა და სტრუქტურების არაკვალიფიციურმა საქმიანობამ უკვე გამოიწვია ადამიანთა მსხვერპლი. კერძოდ, გასული წლის შემოდგომაზე მშენებლობისას მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა სახლის ნგრევა, რასაც შეეწირა ადგილბრივი მოსახლის სიცოცხლე.
მასალის გამოყენების პირობები