ხვალ, 17 აპრილს, 17:00 საათზე, სენაკის აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო თეატრში ახალგაზრდა პოეტის, ლევან ჯანჯღავას ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო - "ჩემო ერთგულო მეგობარო'' გაიმართება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საღამოს ორგანიზატორებმა აცნობეს, საღამოზე დამსწრე საზოგადოებას, მასში მონაწილეებს და ახალგაზრდა პოეტის მრავალირიცხოვან თაყვანისმცემლებს "კიდევ ერთხელ მიეცემათ შესაძლებლობა, მარადისობად გარდასახული პოეტის სულის მარგალიტებს ყური მიუგდონ".
ახალგაზრდა შემოქმედს, რომელიც მძიმე ავადმყოფობით იყო დაავადებული, სოცოცხლის ბოლო წლებში თვალისჩინიც დაეკარგა. ამის მიუხედავად, მას ერთხელაც არ დაუჩივლია, არავინ დაუვალდებულებია, მისთვის დახმარება აღმოეჩინათ.
"მე მჯერა თქვენი უბიწო ცრემლის, /წამით რომ მოგწყდათ კოლხურ მიწაზე /და ამ ცრელმებით ნახარი ვაზი / ჩუქურთმად დნება ყოველ სიტყვაზე", - ამბობდა ახალგაზრდა პოეტი და მუდამ რჩებოდა იმედი, რომ ქართული სულისა და ჯიშის დამარცხება შეუძლებელი იყო: "ქართველი მოკლეს, არა, ცდები ჩემო კალამო... / ის დაჭრილია, გესმის ფეთქავს ვაჟკაცის სისხლი... / ყოველი წვეთი მოეფინა როგორც მალამო / ჩემს ივერიას, გაბრწყინების და იმედის ფიქრით..."
იგი წერდა, ქმნიდა თავისი ქვეყნისთვის, ახლობლებისთვის, უცნობი ადამიანებისთვის და მისი არც ერთი სტრიქონი არ იყო ყალბი. თითქოს ცხოვრებისგან იმედგადაწურულ პოეტს არასოდეს დაუკარგავს სამშობლოს უკეთესი მომავლისა და რაც მთავრია, ადამიანების იმედი: „..უმანკოება ისევე ცოცხლობს და კვლავ ერთგულობს ტკბილი გალობა..."
საღამოზე პოეტის მეგობრები და მსახიობები წაიკითხავენ ლევან ჯანჯღავას ლექსებს.
ლიტერატორები საზოგადოების წინაშე ლევან ჯანჯღავას შემოქმედების რეცენზიებით წარდგებიან. მაყურებელს საშუალება ექნება, კიდევ ერთხელ იხილოს ნაწყვეტები პოეტის მიერ სხვადასხვა დროს ჩატარებული შემოქმედებითი საღამოების ვიდეოჩანაწერებიდან.