"რუსეთსა და აფხაზეთს შორის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხში არის გარკვეული პრობლემები და იმაზე, თუ როგორ იქნება ისინი გადაწყვეტილი, ახლა საუბარი ძნელია", - ეს განცხადება სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრმა სერგეი შამბამ რუსეთსა და აფხაზეთს შორის ახლახან წარმოქმნილი ტერიტორიული დავის კომენტირებისას გააკეთა. თუმცა შამბა იქვე აცხადებს, რომ "მოსკოვმა თავისი შეცდომა უკვე აღიარა".
"არის გარკვეული პრობლემები და იმაზე, თუ როგორ იქნება ისინი გადაწყვეტილი, ახლა საუბარი ძნელია. მხარეთაგან თითოეულს აქვს თავისი არგუმენტაცია და გარკვეული საფუძველი იმისა, რომ საზღვრის თავისი ვარიანტები ამტკიცოს", _ აცხადებს შამბა.
მისი თქმით, ერთი მხრივ არსებობს საბჭოთა კავშირის ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება იმის შესახებ, რომ საზღვარი მდინარე ფსოუს სათავიდან მის გასწვრივ გადის, თუმცა არსებობს სხვა დადგენილება, რომლის მიხედვითაც, ადმინისტრაციულად ის ნაწილი, რომელიც ჩვენს მხარეს იმყოფება სოჭის ადლერის რაიონის ეკუთვნის. ამიტომაც ვცდილობთ განვსაზღვროთ, ნიშნავს თუ არა ეს, რომ ეს ტერიტორია რუსეთის ხელში უნდა გადავიდეს.
"ამას გარდა, დელეგაციას, რომელიც რუსეთის მხრიდან დელიმიტაციის საკითხის გარკვევაში უფლებამოსილი იყო, არცთუ ისე ზუსტი ორიენტირები ჰქონდა და მათ გაცილებით დიდი საზღვრები მონიშნეს სადავო ტერიტორიისა. მაგრამ ახლა, რამდენადაც ვიცი, ისინი თავად მიხვდნენ, რომ შეცდომა იქნა დაშვებული", _ აცხადებს შამბა და აღნიშმავს, რომ ზოგადად, ყველა მხარეს აქვს თავისი არგუმენტები, რომლებშიც გარკვევაა საჭირო "მაგრამ ჩვენი და რუსეთის ურთიერთობების გათვალისწინებით, ეჭვიც არ მეპარება, რომ ყველაფერი საუკეთესოდ გადაწყდება".
შამბა ასევე არ ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აფხაზურმა მხარემ უკვე განაცხადა თანხმობა საზღვარზე მდებარე აფხაზური სოფლის აიბგას რუსული მხარისათვის გადაცემის შესახებ.
"არ შემიძლია ეს ინფორმაცია დავადასტურო. ჩვენი პოზიცია მდგომარეობს იმაში, რომ საზღვარი მდინარე ფსოუზე გადიოდა და ის, რომ საბჭოურ დროში სოფლის ნაწილი რუსულ მხარეს ეკუთვნოდა არ ნიშნავს იმას, რომ ახლა საზღვარი უნდა გადავიტანოთ:, _ აცხადებს შამბა და უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსეთმა აფხაზეთის ტერიტორიის 160 კვადრატული კილომეტრის დათმობა მოითხოვა. შამბას თქმით, "საუბარი ამჟამად შეიძლება მხოლოდ სოფელ აიბგაზე მიდიოდეს".