ბაღდათის რაიონის მოსახლეობას ჰიბრიდული ჯიშის სიმინდის შესყიდვას აიძულებენ. ამის შესახებ დღეს, ბრიფინგზე "თავისუფალი დემოკრატების" წევრმა, ოპოზიციონერმა დეპუტატმა გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.
დეპუტატის მტკიცებით, მას ბაღდათის რაიონის მოსახლეობა დაუკავშირდა და დახმარება სთხოვეს, რადგან გლეხების თქმით, თუ სახელმწიფოსგან ერთ კილოგრამ ჰიბრიდული ჯიშის თესლს 17 ლარად არ შეიძენენ, მიწას არ დაუხნავენ, მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე 5 ტრაქტორი დგას.
"გლეხების თქმით ტრაქტორებს ნაწილები ამოცალეს და ადგილობრივი ხელისუფლებამ განუცხადა, რომ თუ არ შეიძენს ამერიკულ სიმინდს მათ მიწებს არ დახნავს. ეს არის ბანდიტიზმი. ასე აპირებს სააკაშვილი და კვეზერაშვილი სოფლის მეურნეობის განვითარებას", - აღნიშნა დეპუტატმა.
ამასთან, ცაგარეიშვილის ინფორმაციით, ერთ ჰექტარზე ჰიბრიდული სიმინდის მოსაყვანად გარდა თესლისა, საჭიროა 80 ლიტრი დიზელი, 100კგ. აზოტი, 20კგ. ფოსფორი და 40კგ. კალიუმი, მეორე კულტივაციის დროს კი 200-250კგ. აზოტი, რაც გლეხებმა თვითონ უნდა შეისყიდონ ყოველგვარი შეღავათების გარეშე.
"აშშ-ში, სადაც ტექნოლოგიური უზრუნველყოფა უმაღლეს დონეზეა, ერთ ჰექტარზე 12-14 ტონა ჰიბრიდული სიმინდი მოდის, ქართული ჯიშებიდან კი - აბაშის ყვითელი 10-12 ტონას, გეგუთის ჯიში 7-8 ტონას, პაპაშვილის ყვითელი 12-14-ს, იგივე ყვითელი 12-14-ს. ჰიბრიდული ჯიშებიდან კი წეროვანი ერთი - 12-16 ტონას, წეროვანი ხუთი - 10-12 ტონას, ენგური 12-14 ტონას იძლევა. გარდა ამისა ბინძურდება ნიადაგი და იგი ნარკომანივით დამოკიდებული ხდება ჰიბრიდულ თესლზე", - განაცხადა მან.
მისი თქმით, გლეხებს არც საშუალება აქვთ და არც სურვილი სამუდამოდ დამოკიდებული გახდნენ ჰიბრიდულ თესლზე და მათ თავად აქვთ ქართული ჯიშის სიმინდის თესლი შემონახული.