"თავისუფალი დემოკრატების" წევრი, ოპოზიციონერი დეპუტატი გია ცაგარეიშვილი ხელისუფლებას კონფლიქტის რეგიონებში მიწების ჩუმად გასხვისებაში ადანაშაულებს.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ცაგარეიშვილმა აღნიშნა, გორის რაიონის სოფელ ზეღდულეთში, რომელიც კონფლიქტის ზონიდან დახლებით ორ კილომეტრის დაშორებითაა, სახნავ-სათიბი მიწები 2008 წლის ომის შემდეგ, დეკემბერში ხელისუფლებამ ფარულად და ბანდიტური გზით გაყიდა.
მისი მტკიცებით, ადგილობრივი მოსახლეობა კარგა ხანია ითხოვს ამ მიწების შესყიდვას, თუმცა მათ უარი უთხრეს და სარეზერვო მიწები ინდოელ ინვესტორებს გადასცეს და ახლა მათ დამუშავება, რომ შესძლონ სპეცრაზმი ჰყავთ შეყვანილი.
"გლეხები დათმობას არ აპირებენ და იმ ტრაქტორების წინ წვებიან, რომლითაც ინდოელი ინვესტორები სათიბი მიწების მოხვნას დღეს სპეცრაზმის დახმარებით ცდილობენ. ამას შესაძლოა სისხლიანი დაპირისპირება მოჰყვეს", - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.
ამასთან, დეპუტატის თქმით, კონფლიქტისპირა სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობის მიწევი ოკუპანტებს და სეპარატისტებს აქვთ მიტაცებული და მათ ფაქტიურად მიწა აღარ რჩებათ.
"რა ქნას ამ ხალხმა, სად წავიდეს? იქნებ ბატონო პრეზიდენტო თქვენს რეზიდენციაში შეგესახლებინათ", - მიმართა ცაგარეიშვილმა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს.
დეპუტატი მოითხოვს, მოსალოდნელი უბედურების თავიდან აცილების მიზნით, ინდოელ ბიზნესმენებს ალტერნატივა საქართველოს სხვა რეგიონებში შესთავაზონ.
"კარგი სანახავია, ხომ ოკუპანტებისთვის როგორ არიან ერთმანეთს დაპირისპირებული ქართველი გლეხები და ქართული სპეცრაზმი", - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდა საძოვრებისა, რომლის ოდენობაც 75 ჰექტრამდე ტერიტორიას შეადგენს, გაყიდულია 100 ჰექტრამდე სარეზერვო მიწები. ზეღდულეთელები აცხადებენ, რომ სანამ ეკონომიკის სამინისტრო გადაწყვეტილებას არ შეცვლის, არ დაიშლებიან. ადგილზე იმყოფებიან "თავისუფალი დემოკრატების" ადგილობრივი წარმომადგენლები და მობილიზებული პოლიციაც. სოფელ ზეღდულეთში სულ 400 კომლი ცხოვრობს.
დეპუტატის თქმით, ანალოგიური პრობლემა აქვთ ხელთუბნის მოსახლებას.