ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელით თბილისის საქალაქო სასამართლოს უშუალოდ რეპრესირებულმა პირმა, მისმა პირველი რიგის მემკვიდრემ და ან მათმა წარმომადგენელმა უნდა მიმართოს.
აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილება შედის "საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ" კანონში, რომელიც დღეს მეორე მოსმენით ადამიანის უფლებათა დაცვისა და ინტეგრაციის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილეს.
კანონპროექტის თანახმად, სასამართლო რეპრესირებულთა ოჯახის წევრებისთვის კომპენსაციის დადგენისას, გარკვეულ კრიტერიუმებსაც გაითვალისწინებს. კერძოდ, სასამართლომ ფულადი კომპენსაციის ოდენობა რეპრესიის სიმძიმის, აგრეთვე ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სხვა ობიექტური ფაქტორების გათვალისწინებით უნდა დაადგინოს.
კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა აღნიშნეს, რომ მართალია თავდაპირველად საკითხის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაწყდა, მაგრამ მოგვიანებით ეს პრაქტიკა სხვა სასამართლოებშიც გადაინაცვლებს.
მოქმედი კანონმდებლობით, კომპენსაცია ეკუთვნის პირს, რომელმაც რეპრესია განიცადა თავისუფლების აღკვეთის, გადასახლების, გასახლების, სპეციალური დასახლების ადგილას გამწესების, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებით მოთავსების სახით ან გარდაიცვალა პოლიტიკური რეპრესიის შედეგად და აღიარებულია პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად. აგრეთვე, კომპენსაციის მიღება შეუძლია პირს, რომელიც ასეთი რეპრესირებული ადამიანის პირველი რიგის მემკვიდრეა.
რაც შეეხება სასამართლოში განხილვის პროცედურას, კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორია ზვიად კუკავას განცხადებით, მომავალ კვირას პარლამენტში იქნება ინიცირებული კანონპროექტი, რომელშიც კომპენსაციის გაცემის პროცედურა დეტალურად გაიწერება.
საქართველოს პოლიტიკური რეპრესიების მსხვეპლი და მათი მემკვიდრეების ერთობლივი რაოდენობა 20 076 ადამიანია, თუმცა როგორც ადამიანის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარემ ლაშა თორდიამ აღნიშნა, კანონში ცვლილებების შეტანის შემდეგ მათი რაოდენობა კიდევ გაიზრდება, რადგან ბევრი ადამიანი სიაში ამ დრომდე არ არის.