"სისტემა SAP-ის ახალი პროდუქტის დანერგვა კომპანია "თელასს" შესაძლებლობას მისცემს, ეფექტურობის მაღალ დონესა და ეკონომიკურ მიზანს მიაღწიოს. კომპანია "თელასი" ყოველთვის იყო და კვლავაც იქნება ინოვაციური პროდუქციის დანერგვის ლიდერი",_განაცხადა კომპანია "თელასის" გენერალურმა დირექტორმა იური პიმონოვმა.
მისი თქმით, კომპანია "თელასი" პირველია მთელ რეგიონში, რომელმაც ენერგეტიკის სექტორში SAP-ის პროდუქცია დანერგა.
"ეს საშუალებას მოგვცემს აბსოლუტურად გამჭვირვალე პროცედურები შევქმნათ, დაგვეხმარება ფინანსური ნაკადებისა და რესურსების მართვაში. გარდა ამისა, კომპანიის კაპიტალს გაზრდის",_აცხადებს იური პიმონოვი.
მისი თქმით, SAP-ის სისტემის დანერგვა "თელასმა" ჯერ კიდევ ერთი წლის წინ დაიწყო. დღეს კი ეს პროცესი ფინალამდე მივიდა.
იური პიმონოვი აცხადებს, რომ SAP-ის პროექტი მსოფლიოში ყველაზე თანამედროვე და აღიარებულია, რაც პერსონალის კვალიფიცირებას მოითხოვს. თუმცა კომპანია "თელასის" გენერალური დირექტორი ქართული პერსონალის კვალიფიკაციას არ უჩივის.
ამასთან, პიმონოვი მიიჩნევს, რომ ახალი სისტემის დანერგვა სამომავლოდ "თელასის" პოტენციურ ინვესტორებს დააინტერესებს.
შეგახსენებთ, კომპანია "თელასში" საწარმოს რესურსების დაგეგმვის სისტემა (Enterprise Resource Planning System) დაინერგა, რაც საწარმოს შიდა და გარე რესურსების მართვის ინტეგრირებული სისტემაა საინფორმაციო ტექნოლოგიების ბაზაზე.