საქართველოს მიერ გადადგმულ მორიგ პოპულისტურ ნაბიჯს უწოდებს სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ მინისტრი სერგეი შამბა საქართველოს ინიციატივას, რომლის მიხედვითაც აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მაცხოვრებლებისათვის "ნეიტრალური პასპორტების" გაცემა უნდა დაიწყოს, რომლებზეც სახელმწიფოებრივი სიმბოლიკა დატანილი არ იქნება.
"არავინ აქ ამ პასპორტს არ აიღებს. ჩვენ უკვე გვაქვს შეთანხმება რუსეთთან ორმაგი მოქალაქეობის შესახებ, მოქალაქეებს კი რუსული პასპორტებიც აქვთ და აფხაზურიც. ასე რომ ჩვენ როგორმე ამ ქართული დოკუმენტების გარეშეც გავძლებთ", _ აცხადებს სერგეი შამბა.
მისივე თქმით, თბილისის ეს წინადადება მორიგი "ნაბოდვარი იდეაა" რომელიც არავითარ შედეგამდე არ მივა.
საქართველოს ამ ინიციატივას ასევე ნეგატიურად ხვდებიან ოსი სეპარატისტები. კერძოდ, ოს სეპარატისტთა ლიდერის ე.წ. რწმუნებულის მოადგილე პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში მერაბ ჩიგოევი აცხადებს, რომ "საქართველოს მხრიდან რა ნაბიჯებიც არ უნდა გადაიდგას, არავინ სამხრეთ ოსეთში ამ დოკუმენტებით არ დაინტერესდება და მით უფრო არ ისარგებლებს".