მალაიზიაში ნარკოტრეფიკში ბრალდებით დაკავებული საქართველოს მოქალაქის ბაბუცა გორდაძის სასამართლო პროცესი 23 მაისისთვის გადაიდო. გორდაძის ინტერესების დამცველმა სასამართლოში დააყენა შუამდგომლობა იმის შესახებ, რომ საქმე გადადებულიყო.
აღსანიშნავია, ასევე, რომ ჯერ-ჯერობით მალაიზიურმა მხარემ ვერ უზრუნველყო თარჯიმნის დაქირავება, ვინაიდან ბაბუცა გორდაძე მხოლოდ ქართულად საუბრობს და გავრცელებული ინფორმაციით, ამის გამო არც მისი დაკითხვა მომხდარა. გორდაძის ინტერესებს ადვოკატი რენი ჩამი იცავს.
ამას გარდა, მეორე დაკავებულის დარეჯან კოხტაშვილის სასამართლო პროცესი სავარაუდოდ იმავე მიზეზით, თარჯიმნის არარსებობის გამო გაურკვეველი დროითაა გადადებული. მისი სასამართლო პროცესი ასევე აპრილში უნდა გამართულიყო.
შეგახსნებთ, რომ მალაიზიელ კოლეგას სასამართლოს სხდომამდე უკვე შეხვდა მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე დავით საყვარელიძე. მალაიზიაში იმყოფებოდა იუსტიციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების დელეგაციაც, რომელმაც საქმის მასალები ადგილობრივ პროკურატურას გადასცა. მათ შორის ბაბუცა გორდაძის ქმრის ელდარ დავითიანის ქართველი სამართალდამცავებისათვის მიცემული ჩვენება სადაც მან დანაშაული საკუთარ თავზე აიღო. მალაიზიის პრემიერს წერილი გაუგზავნა საქართველოს პრემიერ მინისტრმაც.
ოქტომბრის ბოლოს დარეჯან კოხტაშვილი და ბაბუცა გორგაძე მალაიზიის ქალაქ მენგატილში დიდი რაოდენობით ნარკოტიკების გადატანის ფაქტზე დააკავეს. ეს ბრალდება ადგილოვრივი კანონმდებლობით სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს.