ქართულ მხარეს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ებრაული თავდაცვითი კომპანიის " Global CST "-ს ხელმძღვანელების ჩასვლის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. ამის შესახებ ჟურნალისტებს რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ეკა ტყეშელაშვილმა განუცხადა.
"ეს ჩემთვის ჯერ გადაუმოწმებელი ინფორმაციაა, ამიტომ კომენტარს ვერ გავაკეთებ", - აღნიშნა ტყეშელაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვაზე.
შეგახსენებთ, რომ სოხუმში ებრაული თავდაცვითი კომპანია " Global CST "-ის ხელმძღვანელები ჩადიან, რომელსაც კომპანიის პრეზიდენტი და დამფუძნებელი, ისრაელის არმიის გენერალური შტაბის ოპერატიული სამმართველოს ყოფილი ხელმძღვანელი ისრაელ ზივი და მოქმედი პრემიერის ყოფილი სამხედრო მდივანი მეირ კლიფი ხელმძღვანელობენ.
ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები დე-ფაქტო პრემიერი სერგეი შამბას და თავდაცვის მინისტრ მერაბ ქიშმარიას შეხვდებიან.
განიხილება თანამშრომლობა უსაფრთხოების, ტურიზმის და აგროსამრეწველო სფეროებში. ვიზიტის ბოლოს კი დელეგაციის წევრები აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტს სერგეი ბაღაფშს კონკრეტულ წინადადებებს წარუდგენენ.
როგორც ცნობილია, 13 აპრილს დელეგაცია მოსკოვში ბაღაფშს უკვე შეხვდა და აფხაზეთისთვის უსაფრთხოების სფეროში არაშეტევითი დანიშნულების აღჭურვილობისა და სამხედრო ტექნოლოგიების მიწოდების საკითხი განიხილა.