სტამბულში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით თურქმა სამართალდამცველებმა ათობით საქართველოს მოქალაქე დაკითხეს.
თურქეთში საქართველოს საელჩოში უარყოფენ სხვადასხვა წყაროების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეჭვმიტანილების დაკავების შესახებ. ასევე იმ ინფორმაციასაც, რომლის მიხედვითაც, ერთ-ერთმა ეჭვმიტანილმა საქართველოს საზღვარიც გადაკვეთა.
სტამბულის მახლობლად სასტუმროს მეპატრონე და მისი მეგობარი ქალი რამდენიმე დღის წინ დაცხრილეს. ცნობილია რომ სამი ქართველი, რომლებიც ამავე სასტუმროში მუშაობდნენ, შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. მათი ვინაობა ამ დრომდე არ სახელდება.
სამართალდამცველები ექსპერტიზის პასუხებს ელოდებიან და მომხდარზე საუბრისგან ამ ეტაპზე თავს იკავებენ. არსებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეებმა მკვლელობა ცეცხლსასროლი იარაღით ჩაიდინეს.
შეგახსენებთ, ქართველებს, რომელთა ვინაობაც ჯერჯერობით დაუდგენელია სტამბულში მდებარე ერთ-ერთი სასტუმროს - "ბაჰარის" ადმინისტრატორისა და მისი მეგობარი ქალის, წარმოშობით უზბეკი როზა ისმაილოვას მკვლელობა ედებათ ბრალად.