საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების მიზეზების დამდგენი საპარლამენტო კომისია მუშაობას უცხოეთის ქვეყნებშიც გეგმავს.
როგორც კომისიის წევრმა ჯონდი ბაღათურიამ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მიმდინარეობს მნიშვნელოვანი თემების დამუშავება და საქართველოს ფარგლებში მუშაობის დასრულების შემდეგ, საბოლოო დასკვნისათვის სამუშაოები ჩასატარებელი იქნება უცხოეთის რამოდენიმე ქვეყანაშიც.
ბაღათურია დარწმუნებულია, რომ გამსახურდიას კომისია სკურპულოზული სამუშაოების შედეგად მიზანს მიაღწევს.
"კომისიის მიზანია გაარკვიოს, მოკლეს თუ არა გამსახურდია და ვინ შეუკვეთა მკვლელობა. ამ მიზნის მისაღწევად კომისია სწორი მიმართულებით მუშაობს და შედეგიც დადგება", - განაცხადა ბაღათურიამ.
ამჟამად მისი თქმით, იმ მნიშვნელოვანი თემების დამუშავება მიმდინარეობს, რომელიც კომისიის წევრებმა კომისიის ბოლო სხდომაზე გამოკვეთეს. კომისიაში ამ ეტაპზე ვერ აზუსტებენ, გამსახურდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამართალდამცავ ორგანოებში არსებულ მასალებს, კომისიის წევრები სად და რა ვითარებეში გაეცნობიან. გაურკვეველია აგრეთვე კომისიის შემდეგი სხდომის თარიღიც.
შეგახსენებთ, აღნიშნული კომისია უკვე 1 თვეა შეიქმნა და მან სულ ორი სხდომა ჩაატარა. კომისია სამი თვის ვადით არის შექმნილი.