მიხეილ სააკაშვილის მტკიცებით, საქართველოს ინვესტორთა მხრიდან ახლა უფრო მაღალი ნდობა აქვს, ვიდრე ომამდე ჰქონდა.
"ჩვენ ამ პირობებშიც კი, როცა ომი გამოვიარეთ და ეკონომიკური კრიზისი გადავიტანეთ, ინვესტორთა უფრო მაღალი ნდობა გვაქვს, ვიდრე ომამდე არსებობდა საქართველოსთან მიმართებაში და ეს იმიტომ, რომ ჩვენ შევქმენით ძალიან მარტივი ბიზნესგარემო და ყველა განვაცვიფრეთ იმით, რომ ეკონომიკა არ ჩამოგვეშალა იმ წლებში, როცა ყველა კრიტერიუმით უნდა ჩამოშლილიყო", - განაცხადა საააკშვილმა პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურთან დღევანდელ შეხვედრაზე.
ამასთან, ქვეყნის პირველი პირის განმარტებით, საქართველოს მთავრობამ ინვესტორთა მხრიდან მაღალი ნდობა უპირველესად იმით მოიპოვა, რომ ქვეყნის მთავრობის ყველა დონეზე არაკორუმპირებული გარემო შეიქმნა.
"საქართველომ მთავარი რამ შესძლო, რაც ვერ შეძლო ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ - ჩვენ შევქმენით მთლიანად არაკორუმპირებული გარემო ყველა დონეზე. სხვანაირად ფულს არავინ მოგცემდა. გარდა ამისა, მეორე, რამაც ინვესტორთა ნდობა მოგვიტანა, გარდა იმისა, რომ ჩვენ მსოფლიოს ნომერ პირველი რეფორმატორები ვართ, განაპირობა იმან, რომ წარმოვადგენთ რეგიონში იმ ქვეყანას, სადაც ყველაზე ადვილი და მარტივია ბიზნესის კეთება. ეს ყველაფერი მთავრობის მუშაობის შედეგია და ამ შედეგის წყალობით, ჩვენ შეგვიძლია წყნარად მოვახმაროთ ფული ჩვენი ქვეყნის განვითარებას", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა ქვეყნის მთავრობის ხელმძღვანელი საკუთარ რეზიდენციაში მიიღო. მიხეილ სააკაშვილმა ნიკა გილაურისგან მთავრობის მიერ გამოშვებულ ახალ ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებით ანგარიში ჩაიბარა.