საქართველოს სახალხო დამცველი გიორგი არჩვაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს. სახალხო დამცველის ინფორმაციით, სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას ცხინვალის ციხეში კიდევ ერთი ქართველი მოზარდი გიორგი არჩვაძე ჰყავს დაკავებული.
სახალხო დამცველი მოითხოვს გიორგი არჩვაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და მოუწოდებს დე-ფაქტო მთავრობას, მას მოეპყრონ საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად.
სახალხო დამცველი მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ დაიწყოს გიორგი არჩვაძის გათავისუფლებისათვის საჭირო ნაბიჯების გადადგმა და საზოგადოებას მიაწოდოს სრული და ამომწურავი ინფორმაცია აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ხოლო საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, მკაცრად შეაფასოს, სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რეჟიმის უკანონო მოქმედებები და გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა მექანიზმი, რათა საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ამჟამად არის დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების პატიმარი, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს.
გიორგი არჩვაძე, რომელიც მშობლებთან და 2 ძმასთან ერთად აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად იძულებული იყო დაეტოვებინა მშობლიური სოფელი ბელოთი, შავშვებში ცხოვრობდა. იგი უკვე ხუთი თვეა, ცხინვალის ციხეში იმყოფება.
2009 წლის 5 დეკემბერს სახალხო დამცველის აპარატის მართლმსაჯულების დეპარტამენტის უფროსი და სახალხო დამცველის რწმუნებული ქალაქ გორში შეხვდნენ გიორგი არჩვაძის მამას და ძმებს, რომლებმაც დაადასტურეს, რომ გიორგი 5 ივლისს, როდესაც ის ჯერ კიდევ 15 წლის იყო, გაუჩინარდა ქალაქ გორიდან, ხოლო გაუჩინარებიდან დაახლოებით 3 კვირის შემდეგ დარეკა ოჯახში და შეატყობინა, რომ იმყოფებოდა ცხინვალში. არსებული ინფორმაციით, დე ფაქტო ხელისუფლებამ გიორგი არჩვაძე საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავა.
გიორგი არჩვაძის ცხინვალის ციხეში ყოფნის ფაქტს ადასტურებენ 2 დეკემბერს ცხინვალის რეჟიმის მიერ გათავისუფლებული გიორგი რომელაშვილი და ალეკო ციბაძეც. Aალეკო ციბაძის თქმით, ის და გიორგი არჩვაძე ერთ საკანში იყვნენ.
არჩვაძის ოჯახის ინფორმაციით, გიორგის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, მას შიდა ქალის წნევა აწუხებს.