პირი კომერციული მოსყიდვის შემთხვევაში თავისუფლდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ მას გამოსძალეს ქონება, ან თუ მან ნებაყოფლობით განუცხადა სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელ ორგანოს ამის შესახებ. აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილება შედის "სისხლის სამართლის კოდექსში".
კანონპროექტის თანახმად, 221-ე მუხლის შენიშვნის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდება შემდეგი რედაქციით: ის, ვინც ჩაიდენს ამ მუხლის პირველი ამ მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას, თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ მას გამოსძალეს ქონება, ან თუ მან ნებაყოფლობით განუცხადა სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელ ორგანოს ამის შესახებ.
ამჟამად არსებული რედაქციით, პირი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდებოდა თუ ის ამის შესახებ ხელისუფლების ორგანოს ნებაყოფლობით აცნობებდა.
კანონპროექტის თანახმად, კომერციული მოსყიდვის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდება შემდეგი რედაქციით:
- პირისათვის, რომელიც საწარმოში ან სხვა ორგანიზაციაში ახორციელებს ხელმძღვანელობით, წარმომადგენლობით ან სხვა სპეციალურ უფლებამოსილებას, ან რომელიც მუშაობს ამ ორგანიზაციაში, პირდაპირ ან არაპირდაპირ, ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების ან ქონებრივი მომსახურების ან/და სხვა რაიმე არამართლზომიერი უპირატესობის შეთავაზება, დაპირება, გადაცემა ან გაწევა თავის ან სხვა პირის სასარგებლოდ, რათა მან განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან, თავისი სამსახურებრივი ვალდებულებების დარღვევით, მომსყიდველის ან სხვა პირის ინტერესებისათვის, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
ხოლო მეორე ნაწილის თანახმად: - იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) ჯგუფურად; ბ) არაერთგზის, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით ოთხ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.