თურქეთის აფხაზური დიასპორა შეშფოთებულია აფხაზეთისა და რუსეთის ფედერაციას შორის სახელმწფო საზღვრის დელიმიტაცია -დემარკაციის მიმდინარე საკითხებით, კერძოდ კი გაგრის რაიონის სოფელ აიბგას ბედით. ეს განცხადება აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა სოხუმში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მისივე თქმით, ყოველივე ეს განპირობებულია იმით, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ძალიან დიდი რაოდენობით არასწორი ინფორმაცია ვრცელდება.
ბაღაფშმა განაცხადა ისიც, რომ დიასპორის წარმომადგებლებთან შეხვედრის დროს თურქეთში მან შეძლო მათი დარწმუნება იმაში, რომ აიბგას საკითხი წინ ხელოვნურადაა წამოწეული.
"მე პირდაპირ ვუთხარი ჩვენს დიაპორას, რომ საუბრები იმაზე, რომ ბაღაფშმა გაყიდა აფხაზეთი და გააჩუქა აიბგა სრულიად უსაფუძვლოა და მოვუწოდე მათ არ დაუჯერონ ყველა სისულელეს, რომელიც ამ თემის ირგვლივ ვრცელდება", - აცხადებს ბაღაფში და აღნიშნავს, რომ აფხაზური მხარე საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის შესახებ, ნორმალურ და ჩვეულებრივ მოლაპარაკებებს აწარმოებს და "არც ერთი კვადრატული მეტრის არავისთვის მიცემას არავინ არ აპირებს".
მასალის გამოყენების პირობები