აფხაზეთში ეკლესია გამოყოფილია სახელმწიფოსგან და ხელისუფლება არ აპირებს მის საშინაო საქმეებში ჩარევას. ეს განცხადება აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა სოხუმში მოწყობილ პრესკონფერენციაზე აფხაზური ეკლესიის ირგვლის შექმნილი მდგომარეობის შესახებ კითხვაზე პასუხის გაცემისას გააკეთა.
"მიტინგების მეშვეობით ახალი ათონის წინამძღვრის დანიშვნის საკითხი არ გადაწყდება. ეს საკითხი, ჩემის აზრით, ეპარქიალურ შეკრებაზე უნდა გადაწყდეს თავად ღვთისმსახურთა მიერ", _ განაცხადა ბაღაფშმა.
რაც შეეხება ახალი ათონის მონასტრის წინამძღვრად ეფრემ ვინოგრადოვის დანიშვნას, ბაღაფშის თქმით, ეს კანონიკური მღვდელია.
"იგი პატრიარქ კირილს არ გამოუგზავნია სპეციალურად აფხაზეთში. იგი აქ აფხაზური მართლმადიდებლური ეკლესიის თხოვნით გამოაგზავნეს", - განაცხადა ბაღაფშმა.
შეგახსნებთ, რომ ბოლო რამდენიმე ხანია აფხაზურ ეკლესიაში სასულიერი პირები ორ ბანაკად გაიყვნენ. დაპირისპირება ახალი ათონის მონასტრის წინამძღვრად რუსი იღუმენის დანიშვნამ გამოიწვია. მონასტრის საძმო უარს აცხადებს რუსეთის პატრიარქის მიერ დანიშნული წინამძღვრის მიღებაზე და მას მონასტრის წინამძღვრად აფხაზი ეროვნების იღუმენის ანდრეი ამპარის ხილვა სურს. მონასტრის საძმომ ანდრეი ამპარი იღუმენად უკვე აირჩია.