დღეს, 13 აპრილს, ქართველი მსახიობის, სერგო ზაქარიაძის გარდაცვალებიდან 40 წელი გავიდა. იგი 1971 წლის 13 აპრილს გარდაიცვალა.
სერგო ალექსანდრეს ძე ზაქარიაძე 1909 წლის 1-ელ ივლისს დაიბადა. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. 1926 წელს მუშაობა დაიწყო რუსთაველის სახელობის თეატრში, 1928 წლიდან იყო კ. მარჯანიშვილის მიერ ქუთაისში დაარსებული თეატრის (შემდეგ მარჯანიშვილის სახელობის თეატრი) მსახიობი, 1956 წელს გადავიდა რუსთაველის
ზაქარიაძის გმირთა ბუნებაში ვაჟკაცობა და ნებისყოფა ეხამებოდა ლირიზმს, სილბოს. მსახიობი თამაშობდა გმირულ, სახასიათო და კომიკურ როლებს. მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე შექმნილი როლებიდან აღსანიშნავია: რევოლუციონერი დომენრი ( დადიანის "ნაპერწკლიდან"), ჯიბილო (კაკაბაძის "კოლმეურნის ქორწინება"), გიგაური (მოსაშვილის "მისი ვარსკვლავი"), გიორგი ( თაბუკაშვილის "რაიკომის მდივანი"). რომანტიკული ელფერით გამოირჩეოდა ზაქარიაძის მიერ შესრულებული როლები ბაგრატიონისა (სამსონიას "ბაგრატიონი"), ბახასი ( ვაჟა-ფშაველას "მოკვეთილი"), მეფე დავითისა ( გოთუას "დავით აღმაშენებელი"), ბესიკ გაბაშვილისა ( გოთუას "მეფე ერეკლე").
უარყოფით როლებს ზაქარიაძე ასრულებდა მგზნებარე მამხილებელი პათოსით, იგი დაუნდობლად ხდიდა ფარდას ადამიანურ მანკიერებებსა და ცხოვრების მახინჯ მოვლენებს. განსაკუთრებით დასამახსოვრებელია ამ მხრივ თინიბეგი მრევლიშვილის "ზვავში". მახვილი კომედიური ნიუანსებით ძერწავდა მსახიობი სახასიათო როლებს (კავალერი რიპაფრატა, გოლდონის "სასტუმროს დიასახლისი").
შემოქმედებითი აზრის სიმწიფე, რომანტიკული მგზნებარება ახასიათებდა ზაქარიაძის მიერ რუსთაველის სახელობის თეატრის სცენაზე შესრულებულ როლებს: ქადაგი ("ბახტრიონი", ვაჟა-ფშაველას მიხედვით), ფიროსმანი ( ნახუცრიშვილის "ფიროსმანი"). ნატიფი ფსიქოლოგიური ნიუანსებით, მრელვარე თანაგრძნობით დახატა ზაქარიაძემ ოიდიპოს მეფის სახე ( სოფოკლეს "ოიდიპოს მეფე"), რომელშიც ადამიანის სულიერი სილამაზის, მისი გონების სიდიადის მაღალი რწმენა ჩააქსოვა, სატირული სიმძაფრით იყო აღჭურვილი მისი შუისკი (პუშკინის "ბორის გოდუნოვი").
1934 წლიდან მოღვაწეობდა კინოში. შეასრულა როლები: თორღვაი ("უკანასკნელი ჯვაროსნები"), შადიმან ბარათაშვილი ("გიორგი სააკაძე"), ფოსტალიონი გიორგი ("დღე უკანასკნელი, დღე პირველი"), ხოლო 1965 წელს გიორგი მახარაშვილის როლის შესრულებით ("ჯარისკაცის მამა") ზაქარიაძემ საქვეყნოდ გაუთქვა სახელი ქართულ კინოს. ზაქარიაძე 1955-1960 წლებში სცენურ მეტყველებას ასწავლიდა თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში.
1971 წელს მიიღო რუსთაველის სახელობის პრემია. დაჯილდოებულია ორდენებით.