ბელორუსის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის უფროსი ვადიმ ზაიცევი მინსკის მეტროში მომხდარი ტერაქტის სამ ვერსიაზე საუბრისას აცხადებს, რომ ერთ-ერთი მათგანი არჩევნებთანაა დაკავშირებული.
"დღეისათვის სამი ვერსია გვაქვს. პირველი ვერსია - ბელორუსში მდგომარეობის დესტაბილიზაციაა", _ განაცხადა ზაიცევმა ჟურნალისტებთან საუბრისას. მისი თქმით, მეორე ვერსია აფეთქებაში ახალგაზრდა ექსტრემისტების მონაწილეობაა.
"არსებობენ ახალგაზრდული ექსტრემისული ორგანიზაციების წარმომადგენლები. ახლა სრულდება სისხლის სამართლის საქმე ანაქისტებთან დაკავშირებით. არ გამოვრიცხავთ, რომ მსგავსი მოქმედებები შურისძიებისთვის იყოს ჩადენილი", _ აცხადებს ზაიცევი და აღნიშნავს, რომ ეს ვერსია ნაწილობრივ დაკავშირებულია გასულ საპრეზიდენტო არჩევნებთან, ვინაიდან ზოგი ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენელი მონაწილეობას აპირებდა გასული წლის დეკემბრის მოვლენებში, მაშინ როდესაც სამართალდამცავმა ორგანოებმა ძალის გამოყენებით ოპოზიციის მასობრივი მიტინგი დაშალეს".
მესამე ვერსია ზაიცევის თქმი, ეს არის "არაჯანსაღი ადამიანის საქციელი, როგორც ფსიქიკურად, ისევე პირადი ამბიციების თვალსაზრისითაც", _ აცხადებს ზაიცევი.
შეგახსენებთ, რომ "ოკტიაბრსკაიაზე" აფეთქება გუშინ მოხდა. ბელორუსის გენერალურ პროკურატურას აფეთქებაში სავარაუდო ეჭვმიტანილი უკვე ჰყავს. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ეჭვმიტანილის ვინაობა ამ ეტაპზე არ ხმაურდება, თუმცა სამართალდამცავი უწყებები მის დასაკავებლად უკვე მუშაობენ. წინასწარი ინფორმაციით, გამოძიებამ ისიც დაადგინა, რომ მეტროსადგურში კუსტარულად დამზადებული ასაფეთქებელი მოწყობილობა მაშინ ამოქმედდა, როცა მეტროსადგურში ორი მატარებელი შევიდა.