ცნობილი თინეიჯერი პოპვარსკვლავი ჯასტინ ბიებერი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენჟამინ ნეთანიაჰუს შეხვდება. შეხვედრაზე ის ბავშვებიც იქნებიან, რომლებიც ჰამასის მიერ სასკოლო ავტობუსის აფეთქებას გადაურჩნენ.
აღნიშნულ შეხვედრაზე კომენტარი ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა დენი აიალონმა გააკეთა. "კეთილი იყოს თქვენი ჩამოსვლა ისრაელში, ჯასტინ! დარწმუნებული ვარ აქ გატარებული დროით ნასიამოვნები დარჩებით, ისევე როგორც ჩვენი მოქალაქეები ისიამოვნებენ თქვენთან შეხვედრით", - წერს სოციალურ ქსელ Twitter-ზე აიალონი.
როგორც ისრაელის მედიასაშუალებები წერენ, ბიებერი მკვდარ ზღვას, მასადასა და კაესარეას ისტორიულ ციხეებს ესტუმრება. 15 აპრილს კი თელ-ავივში კონცერტს გამართავს.
"მე ბედნიერი ვარ წმინდა მიწაზე ჩასვლის შესაძლებლობა რომ მომეცა", - აღნიშნავს პოპვარსკვლავი.
ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც ბიბერი რომელიმე ქვეყნის ლიდერს ხვდება. 2010 წელს თეთრ სახლში ის აშშ-ს პრეზიდენტ ობამას შეხვდა.