გალის რაიონში შეიარაღებული კრიმინალური "გარჩევის" დროს რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლის დაღუპვის ფაქტზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და მომხდარში საქართველოს ადანაშაულებს.
"საქართველოსა და აფხაზეთის საზღვარზე, აფხაზეთში მყოფი რუსეთის "ეფ-ეს-ბეს" მესაზღვრეებზე თავდასხმა მოხდა. ცეცხლის გახსნის შედეგად ერთი რუსი ოფიცერი-მესაზღვრე დაიღუპა და მეორე დაიჭრა. საპასუხო ცეცხლის შედეგად თავდამსხმელთაგან ორი ადგილზე იქნა მოკლული. აფხაზური ორგანოების ინფორმაციით, ორ თავდამსხმელში მათ გალის რაიონის ყოფილი მაცხოვრებლებლები, საქართველოს სპეცსამსახურებთან მჭიდრო თანამშრომლობაში მყოფი დივერსიული-ტერორისტული ჯგუფის წარმომადგენლები ხარჩილავა და სიჭინავა ამოიცნეს. ამ ბოროტმოქმედებს გალის რაიონში დაძაბულობის შესაბარჩუნებლად და ასევე რუსი და აფხაზი მესაზღვრეების დისკრედიტაციისათვის იყენებდნენ", - წერს რუსეთის საგარეო უწყება.
მათივე მონაცემებით, "დამნაშავეები ცნობილ ქართულ უკანონო ფორმირებას "ტყის ძმების" წევრები იყვნენ, რომელსაც დ. შენგელია ხელმძღვანელობდა და რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ ციხიდან მოულოდნელად, ვადაზე ადრე გამოუშვა".
"ცხადია, რომ მის წინაშე ამჟამად დაყენებულია ამოცანა ქართულ-აფხაზურ საზღვარზე მდგომარეობის დაძაბვისა", - ნათქვამია სერგეი ლავროვის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში და იქვე აღნიშნულია, რომ "რუსულმა მხარემ, ბოლო წლების განმავლობაში ბევრი რამ გააკეთა რეგიონში მდგომარეობის სტაბილიზაციისათვის. რუსმა მესაზღვრეებმა აფხაზ და სამხრეთ ოსეთელ მესაზღვრეებთან ერთად საზღვრების ერთობლივი დაცვის საკითხში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს.
განცხადების მიხედვით, ჟენევის დისკუსიებზეც არაერთგზის აღინიშნა, რომ მათ შორის ევროკავშირის დამკვირვებლებისა და რუსი მესაზღვრეების ყოფნა რეგიონში ხელს უწყობს მთლიანობაში კავკასიაში სტაბილურობის დამყარებასა და უზრუნველყოფას.
"ამ ფონზე კი ქართული სპეცსამსახურების მხრიდან სხვა და სხვა ჯურის ტერორისტების ხელისშეწყობა რეგიონში მშვიდობიან ცხოვრებას უქმნის საფრთხეს. როგორც ჩანს, თბილისი მიზანმიმართულად ცდილობს სუვერენული რესპუბლიკების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრებთან სიტუაციის დესტაბილიზება მოახდინოს", - ნათქვამია განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს კომპეტენტური ორგანოების მიერ დაზუსტებული ინფორმაციით, გალის რაიონში რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენელი შეიარაღებული კრიმინალური "გარჩევის" დროს დაიღუპა", - იუწყებოდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.