ხვალ, 13 აპრილს, 15:00 საათზე, თბილისის კინოს სახლში ადამიანის უფლებათა ცენტრის ვიდეოსტუდია HRIDC.TV-ის ახალი დოკუმენტური ფილმის - „დანიშნული მოწმეები" პრემიერა გაიმართება.
როგორც ფილმის ავტორები აცხადებენ, ფილმში მოთხრობილია სასაზღვრო პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის, მამუკა შენგელიას ისტორია, რომელიც 2009 წლის გაზაფხულის მასობრივი საპროტესტო აქციების წინ, ოპოზიციის წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის მსხვერპლი გახდა. იგი უკანონო იარაღის შეძენის, დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის შენახვისა და ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების მცდელობის ბრალდებით, 2009 წლის 23 მარტს დააკავეს.
მამუკა შენგელიას, რომელიც რამდენიმე ორგანიზაციის მიერ პოლიტპატიმრადაა აღიარებული, თავისუფლების 7 წლით აღკვეთა მიესაჯა და 3000 ლარი ჯარიმის გადახდა დაეკისრა.
ფილმი ნაჩვენები იქნება ქართულ ენაზე. მსურველებს დაურიგდებათ ტექსტის თარგმანი და ფილმის ინგლისურენოვანი ვერსია.