საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ დღეს ქართველი სამხედროები ავღანეთში გააცილა. საქართველოს შეიარაღებული ძალების 33-ე ბატალიონი (749 სამხედრო მოსამსახურე) ავღანეთში მიემგზავრება. როგორც თავდაცვის სამინისტრო იუწყება, ქართველი ჯარისკაცები ISAF-ის (საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალები) ოპერაციაში მიიღებენ მონაწილეობას. ქართული სამშვიდობო ბატალიონი მისიას ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში, ჰელმანდის პროვინციაში შეასრულებს. 33-ე ბატალიონი როტაციის წესით ავღანეთში მყოფ 32-ე ბატალიონის პირად შემადგენლობას ჩაანაცვლებს. როტაცია ორი კვირის განმავლობაში ეტაპობრივად განხორციელდება. პირველ ეტაპზე ავღანეთში 33-ე ბატალიონის 94 სამხედრო გაემგზავრა.
სამხედროების გაცილების ოფიციალური ცერემონიალი ვაზიანის სამხედრო ბაზაზე გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი დევი ჭანკოტაძე, შეიარაღებული ძალების და თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი პირები და საქართველოში აკრედიტებული სამხედრო ატაშეები ესწრებოდნენ. გაცილების ცერემონიალზე 33-ე ბატალიონს მისიაში მონაწილეობისთვის საბრძოლო დროშა გადაეცა. ქართველმა ჯარისკაცებმა ლოცვა-კურთხევა მიიღეს.
ნატო-ს ეგიდით წარმოებულ ISAF-ის სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად 33-ე ბატალიონმა ექვსთვიანი ინტენსიური მომზადების კურსი გაიარა. ოპერაციების წარმოებისათვის ქართველმა ჯარისკაცებმა ტაქტიკური მომზადება შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითების სასწავლო და საკონსულტაციო ჯგუფის ხელმძღვანელობით გაიარეს. მათ დაცვის, ჩხრეკის, წმენდისა და კორდონის, ასევე კონვოის ოპერაციები, დაშავებულთა ევაკუაციის პროცედურები და მოსახლეობასთან და ლიდერებთან ურთიერთობები შეისწავლეს.
სპეციალური მომზადება 33-ე ბატალიონმა ვაზიანის და სასწავლო ცენტრ კრწანისის მოსამზადებელ ბაზებზე გაიარა; ბატალიონის პირადი შემადგენლობა იმყოფებოდა გერმანიის ქალაქ ჰოჰენფელსშიც, სადაც სამხედრო წვრთნებს აშშ-ს გაერთიანებული მრავალეროვანი მზადყოფნის ცენტრში (JMRC) გადიოდა. ჯარისკაცების მომზადების დონე და მათი მზადყოფნა კონკრეტული ამოცანების შესასრულებლად დადებითად შეაფასეს როგორც ცენტრის ექსპერტებმა, ისე ამერიკელი საზღვაო ქვეითების ტრენერთა და მრჩეველთა ჯგუფმა. მათი შეფასებით 33-ე ბატალიონს 31-ე და 32-ე ბატალიონების მიერ მიღებული გამოცდილება კარგად აქვს შესწავლილი, რაც მათი მისიაში მონაწილეობის ხარისხს კიდევ უფრო გააუმჯობესებს.