საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილეების არჩევაზე შეზღუდვები უქმდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილება "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონში შედის.
მოქმედი კანონმდებლობით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ან მისი მოადგილე არ შეიძლება იყოს პირი, რომელსაც აღნიშნული თანამდებობა ადრე ეკავა. პარლამენტში წარმოდგენილი კანონპროექტით კი ეს შეზღუდვა უქმდება.
ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა წევრის მიერ ფიცის დადებიდან ან საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტიდან არა უგვიანეს 10 დღისა, ტარდება საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომა, რომელზეც 5 წლის ვადით აირჩევა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე. ამავე წესითა და ვადით აირჩევა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ორი მოადგილე.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ წესს ახალი რეგულაციაც ემატება, რომლის თანახმად, თუ არჩევის მომენტისათვის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ან მოადგილის კანდიდატის, როგორც სასამართლოს წევრის, უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე დარჩენილია 5 წელზე ნაკლები, ისინი თანამდებობაზე აირჩევიან სასამართლოს წევრის უფლებამოსილების დარჩენილი ვადით.
კანონპროექტის ავტორები დეპუტატები პავლე კუბლაშვილი და ზვიად კუკავა არიან.