ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო მინსკში, მეტროსადგურ "ოკტიაბრსკაიაზე" მომხდარი აფეთქების ორგანიზატორებს "სერიოზული და სათანადო პასუხის" გაცემით ემუქრება.
"ეს სერიოზული გამოწვევაა დ ჩვენ ამ გამოწვევას ვიღებთ. საჭიროა ადექვატური და სათანადო პასუხის გაცემა. ისინი მშვიდად ცხოვრებას არ დაგვაცდიან. საჭიროა ვიცოდეთ, ვინ არიან ისინი. მივმართავ ბელორუს ხალხს - ამაში თქვენ უნდა დაგვეხმაროთ. არ მინდა ჩვენი რომელიმე მოქალაქე ფიქრობდეს, რომ მთავრობას პურს ტყუილად აჭმევს", - განაცხადა ლუკაშენკომ წუხელ, საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე.
შეგახსენებთ, რომ "ოკტიაბრსკაიაზე" აფეთქება გუშინ მოხდა, რასაც ადგილზევე ემსხვერპლა 11 ადამიანი. კიდევ ერთი მოქალაქე წუხელ მინსკის საავადმყოფოში გარდაიცვალა. გარდა ამისა, დაშავებულია მეტროსადგურზე მყოფი 127 პირი. ბელორუსის გენერალურ პროკურატურას მინსკში, მეტროსადგურ "ოკტიაბრსკაიაზე" მომხდარ აფეთქებაში სავარაუდო ეჭვმიტანილი უკვე ჰყავს. რუსული მედიის ინფორმაციით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ეჭვმიტანილის ვინაობა ამ ეტაპზე არ ხმაურდება, თუმცა სამართალდამცავი უწყებები მის დასაკავებლად უკვე მუშაობენ. წინასწარი ინფორმაციით, გამოძიებამ ისიც დაადგინა, რომ მეტროსადგურში კუსტარულად დამზადებული ასაფეთქებელი მოწყობილობა მაშინ ამოქმედდა, როცა მეტროსადგურში ორი მატარებელი შევიდა.