დღეს, 12 აპრილს, დუშეთში არასამთავრობო ორგანიზაცია _ "დუშეთის რაიონის კულტურის სექტორის ინტიტუციონალური განვითარება" სემინარს სახელწოდებით: "კულტურული ტურიზმი" გამართავს.
სემინარის მიზანია დუშეთისა და მისი შემოგარენის არქიტექტურული მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების მეტი ინფორმირება.
"ქალაქ დუშეთის არქიტექტურული მემკვიდრეობა თვითმყოფადობით და მრავალფეროვნებით გამოირჩევა. დუშეთის არქიტექტურის უმნიშვნელოვანეს ნაწილს XIX საუკუნის სხვადასხვა მონაკვეთით დათარიღებული საცხოვრებელი სახლები შეადგენს. ეს ხისაივნიანი სახლებია, კლასიცისტური არქიტექტურისთვის დამახასიათებელი ნიშნებით და ადგილობრივი ტრადიციული ელემენტებით. დუშეთის სახლები XIX საუკუნის მეორე ნახევარში მთელს ევროპაში გავრცელებული მრავალი სხვა სტილის შემცველიც არის. გვხვდება მოდერნის სტილის შენობებიც, რომელიც XX საუკუნის დამდეგს ეკუთვნის. დუშეთში გადარჩენილია ხალხური საცხოვრებელი არქიტექტურის რამდენიმე მაღალმხატვრული ნიმუშიც", - ნათქვამია მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურის განცხადებაში.
სემინარი დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონფერენციო დარბაზში 11.00 საათზე დაიწყება და მას არქიტექტურის ისტორიკოსი მაია მანია წარუძღვება.